четверг, 6 июля 2017 г.

მშობლებისთვის


ადამიანებად ჩვენ გვხდიან დედა და მამა, ადამიანურად კი - აღზრდა.
                                                                                              
                                                                                            კარლ ვებერი 





ფსიქოლოგის რჩევები
1. გაითვალისწინეთ ბავშვის ფიზიკური და ინტელექტუალური შესაძლებლობები და ნუ მოსთხოვთ მას ისეთი დავალებებისშესრულებას, რომელიც მის ძალებს აღემატება. ასე თავიდან აიცილებთ სხვადასხვა ფსიქოემოციურ დარღვევას, არასრულფასოვნების კომპ-ლექსს, გადაღლას.
2. მოერიდეთ შანტაჟს, თუ არ გინდათ, მოგვიანებით თავად გახდეთ მისი მსხვერპლი. მხოლოდ ჯილდოსთვის ან სასჯელის თავიდან აცილების მიზნით შესრულებული დავალება ფორმალური და არაფრისმომცემია.
3. მიიღეთ მონაწილეობა დავალების შესრულებაში, ოღონდ არა როგორც მოკარნახემ ან დამკვირვებელმა, არამედ ისე, თითქოს თავად გაინტერესებთ შედეგი. მშობლის ჩართულობა მნიშვნელოვანი მოტივია მოზარდისთვის.
4. თუ ბავშვი დიდ დროს უთმობს სხვადასხვა გასართობს (კომპიუტერი იქნება ეს, ტელევიზორი თუ ჰობი), შეუთანხმდით, რომ ამ ყველაფრისთვის დრო დავალებების შესრულების შემდეგ გამოინახება.
5. იზრუნეთ მოსწავლის იმუნიტეტსა და სწორ ფიზიკურ განვითარებაზე. სპორტი, გაკაჟება, ვიტამინების კომპლექსი ის აუცილებელი ფაქტორებია, რაც მოზარდის ჰარმონიულ ფიზიკურ და ინტელექტუალურ განვითარებას უზრუნველყოფს.
6. მიზნებისა და მისაღწევი შედეგების სწორ ფორმულირებას არცთუ მცირე მნიშვნელობა აქვს. "კლასში საუკეთესო უნდა იყო!" "ათიანების გარდა სხვა ნიშანი არ დამანახო!" და მსგავსი ტიპის მოთხოვნები დამთრგუნველი და მატრავმირებული უფროა, ვიდრე სიკეთის მომტანი. საზოგადოდ, მშობლებს უნდა ესმოდეთ, რომ ნიშანი სწავლისა და ცოდნის შეფასების ერთადერთ ფაქტორად ვერ ჩაითვლება. სხვათა შორის, იგივე დიმიტრი უზნაძე მხარს უჭერდა სასწავლო პროცესიდან ციფრებით შეფასების განდევნას: "ციფრული შეფასება, როგორც წესი, სუბიექტურ ხასიათს ატარებს და ხელს უშლის მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის ნდობის ატმოსფეროს შექმნას", - აღნიშნავს ის თავის ნაშრომებში განათლების ფსიქოლოგიის შესახებ.
მშობლის როლი ბავშვის სკოლასთან ადაპტაციის პროცესში
მოზარდის პიროვნებად ჩამოყალიბებისათვის აუცილებელია მშობლების სწორი მიდგომა აღზრდის საკითხებთან. ჯანსაღი გარემოს შექმნა მშობლების უპირველესი მოვალეობაა.
         გთავაზობთ რამდენიმე რეკომენტაციას, რომლებიც დაგეხმარებათ თქვენ და თქვენს შვილებს უმტკივნეულოდ დაძლიოთ სკოლასთან ადაპტაციის სირთულეები:

  • ბავშვებთან ურთიერთობის პროცესში გამოხატეთ თქვენი კეთილგანწყობილი დამოკიდებულება. აგრძნობინეთ, რომ ის გიყვართ და ყოველთვის დაეხმარებით რთული სიტუაციის დაძლევაში. ეს ხელს შეუწყობს უსაფრთხო გარემოს შექმას. 
  • ბავშვის ქცევის შეფასებისას შეაფასეთ მხოლოდ მისი კონკრეტული ქმედება და არა მთლიანი პიროვნება.
  • კონკრეტული ქმედების შეფასებისას კი ეცადეთ, ხშირად აღნიშნოთ მისი დადებითი ქმედებები. უარყოფითი საქციელის შეფასება კი დაიწყეთ იმით, რომ ის ძალიან გიყვართ, მაგრამ მისი ქცევა მიუღებელია და იმედი გამოთქვით, რომ ის მას აუცილებლად გამოასწორებს. 
         ასეთი დამოკიდებულება ხელს შეუწყობს მიუღებელი ქცევის დადებითით ჩანაცვლებას. 

  • მოითხოვეთ მისგან მხოლოდ ის, რისი შესაძლებლობებიც აქვს. ნუ შეადარებთ უფროს და-ძმებს და თანაკლასელებს.
         ეს მათში აგრესიას გამოიწვევს სხვების მიმართ და საკუთარი თავის მიმართ კი ჩამოუყალიბდებათ უსუსურობის განცდა.

  • გახსოვდეთ, ყველა ბავშვს აქვს თავისი განვითარების ინდივიდუალური რიტმი და პირველი კლასის პირველ სემესტრში და თუნდაც სკოლაში სწავლების პირველ წლებში წარუმატებლობა არ ნიშნავს მომავალში წარუმატებლობას.
         ყველა ბავშვი განსხვავდება ერთმანეთისგან. ვინ სად და როდის გამოავლენს საკუთარ უნიკალურ შესაძლებლობებს ხშირად ამოუცნობია. მთავარია მოთმინება, და ჩვენი მხრიდან მხარდაჭერა და მაქსიმალური ძალისმევით ბავშვში არსებული შესაძლებლობების გამოვლენა და განვითარება.
გთავაზობთ ტესტს (როგორი მშობელი ვარ)

ტესტის მიზანია, ერთხელ კიდევ ჩაგაფიქროთ მშობლის ძირითად როლზე ბავშვის სწავლა-აღზრდის საქმეში. იმედია, ჩვენ მიერ შემოთავაზებული ტესტი დაგეხმარებათ თქვენი შვილის პიროვნების სწორად ჩამოყალიბებაში:
უპასუხეთ კითხვებს და დაითვალეთ ქულები:

  • შემიძლია და ყოველთვის ასე ვიქცევი - 3 ქულა
  • შემიძლია და ყოველთვის ასე არ ვიქცევი - 2 ქულა
  • არ შემიძლია - 1 ქულა

შეგიძლიათ თუ არა, რომ 

  1. ნებისმიერ დროს თავი დაანებოთ საქმეს და ბავშვს მიუჯდეთ?
  2. მოეთათბიროთ და რჩევა ჰკითხოთ ბავშვს მისი ასაკის მიუხედავად?
  3. აღიაროთ ბავშვთან, რომ მის წინაშე სწორად არ მოიქეცით?
  4. ბოდიში მოუხადოთ, თუ უსამართლოდ მოეპყარით?
  5. თავშეკავება გამოიჩინოთ, თუნდაც ბავშვის საქციელმა მოთმინება დაგაკარგვინოთ?
  6. საკუთარი თავი წარმოიდგინოთ ბავშვის ადგილზე?
  7. წუთით მაინც წარმოიდგინოთ, რომ ზღაპრული უფლისწული ან კეთილი ფერია ხართ?
  8. უამბოთ ბავშვს საკუთარი ბავშვობიდან რაიმე ჭკუის სასწავლებელი შემთხვევა, რომელშიც მთლად კარგად ვერ გამოიყურებით?
  9. ყოველთვის შეიკავოთ თავი ისეთი სიტყვების წარმოთქმისაგან, რომლებსაც შეუძლიათ, ბავშვს გული ატკინოს?
  10. დაჰპირდეთ ბავშვს, (თუ კარგად მოიქცევი, ამას და ამას შეგისრულებო) და დანაპირები აუცილებლად შეუსრულო?
  11. ხვეწნა-მუდარისა და ტირილის მიუხედავად არ აუსრულოთ ბავშვს თხოვნა, თუკი დარწმუნებული  ხართ, რომ ეს ჭირვეულობაა, წუთიერი ახირებაა?
  12. გამოუყოთ ბავშვს ერთი დღე, როცა მას შეეძლება ის აკეთოს რაც გაუხარდება ისე მოიქცეს, როგორც მოესურვება და არაფერში ჩაერთოთ?
ტესტის გასაღები:
         თუ თქვენ 27 ქულიდან 36 ქულამდე მოაგროვეთ, ეს ნიშნავს, რომ ბავშვი თქვენთვის ყველაზე ძვირფასია ცხოვრებაში. თქვენ ცდილობთ, არა მარტო გაუგოთ მას, არამედ შეიცნოთ კიდეც. პატივისცემით ეპყრობით, ცდილობთ, მუდამ თანამიმდევრული იყოთ, ერთ ხაზს მისდევთ. ერთი სიტყვით, სწორად იქცევით და იმედი უნდა იქონიოთ, რომ კარგ შედეგსაც მიაღწევთ. 
         13-დან 27-მდე ქულის დაგროვება ნიშნავს, რომ ბავშვისთვის ზრუნვა თქვენთვის უპირველესი ამოცანაა. გაქვთ აღმზრდელის ნიჭი, მაგრამ მიზანდასახულად და თანამიმდევრულად ამ უნარს ვერ იყენებთ. ხან ზედმეტად მკაცრი ხართ, ხან ზედმეტად რბილი.
          13 ქულაზე ნაკლები თუ მოაგროვეთ, ეს იმას მოწმობს, რომ ბავშვის აღზრდის საქმეში დიდი ხარვეზები გაქვთ ან საიმისო ცოდნა გაკლიათ. გირჩევთ, მიაკითხოთ ფსიქოლოგს.

* * *  
გარდამავალი ასაკის სიძნელეებიდა მათი თავიდან აცილების გზები
მშობლისა და ბავშვის ურთიერთობაში ყველაზე დიდ სირთულეს გარდამავალი ასაკის პერიოდში აქვს ადგილი. არსებული სიძნელეების თავიდან აცილება შესაძლებელია, თუ მშობელი ბავშვთან ურთიერთობას ააგებს ამ ასაკისათვის დამახასიათებელი თავისებურებების გათვალისწინებით. უნდა გვახსოვდეს, რომ გარდამავალი ასაკი მოიცავს პერიოდს 10-11 წლიდან 15-16 წლამდე. 
გარდამავალი ასაკის მნიშვნელოვან თავისებურებას წარმოადგენს მოზარდში "დიდობის" გრძნობის აღმოცენება. ბავშვში ჩნდება სურვილი იყოს დამოუკიდებელი და თავისუფალი. ამ დროს მოზარდში ხდება მთელი რიგი ბიოლოგიური, ფიზიკური და სულიერი ცვლილებები. იგი ყოველივე ამას ნათლად გრძნობს და ხვდება რომ ბავშვი აღარ არის, აცხადებს პრეტენზიას - უფროსები მასთან იყვნენ ისეთივე დამოკიდებულებაში, როგორც თანატოლებთან. 
მშობლებმა უნდა გაითვალისწინოს, რომ დიდობის გრძნობა ჯანსაღი გრძნობაა და იგი კი არ უნდა ჩავახშოთ, არამედ სწორი მიმართულებით წარვმართოთ. უნდა ვაღიაროთ ბავშვის უფლებები დამოუკიდებლობასა და თავისუფლებაზე გონივრულ საზღვრებში.
- გარდამავალ ასაკში აღმოცენებული მოთხოვნილებათა შორის უძლიერესია პრესტიჟის აღიარების მოთხოვნილება, რომელიც უშუალოდ არის დაკავშირებული დიდობის გრძნობასთან. ბავშვი გრძნობს, რომ ის უკვე დიდია და მოითხოვს პატივი სცენ მის პიროვნებას, არ მიმართონ დამამცირებელი სიტყვებით, არ შეურაცხყონ. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ხდება აგრესიული, ან პირიქით, განმარტოვდება საკუთარ თავთან.
- აღნიშნულ ასაკში ბავშვები გამოირჩევიან მძაფრი ემოციურობით. ამას ხელს უწყობს სხეულის კონსტრუქციის ცვლილებაც, სხეულის აგებულებაში პროპორციის დარღვევა. სხეულის მოძრაობები კარგავენ სიზუსტეს და უფრო აჩქარებული და ნერვიულნი ხდებიან. მშობლები უნდა ეცადონ ამ დროს მეტი თანაგრძნობით მოეკიდონ ბავშვებს. ისინი მათ მოძრაობას დამუშავებასა და დახვეწაში ყოველგვარი საყვედურებისა და გაკილვის გარეშე უნდა მოეხმარონ.
- განსაკუთრებით ფაქიზ დამოკიდებულებას საჭიროებს მოზარდთა სასიყვარულო ურთიერთობა. ესაა მათთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის გრძნობა. ამიტომ როცა ამ გრძნობას მესამე პირი უხეშად ეხება, მოზარდში ჩნდება უარყოფითი ემოციები, მოზარდი სასოწარკვეთილია და ეუფლება უსამართლობის განცდა, რაც შეიძლება მშობელს არასოდეს არ ეპატიოს.
- აღნიშნულ ასაკში მნიშვნელოვანია მეგობრის მოთხოვნილებაც. ბავშვების უმეტესობას შეუძლია პირადი ცხოვრებიდან ბევრი რამ დათმოს და საკმაოდ დიდი უსიამოვნება გადაიტანოს მეგობრისთვის. მშობელი მოვალეა ანგარიში გაუწიოს მოზარდის აღნიშნულ მოთხოვნილებას.
მშობელს სიფრთხილე მართებს ბავშვთან ურთიერთობის პროცესში, როდესაც ეს მიმართავს დასჯის ამა თუ იმ ფორმას. ამ ასაკის მოზარდში მნიშვნელოვან გაღიზიანებას იწვევს, როცა მას ჰგონია რომ არასწორად ექცევიან, ისეთ სასჯელს ადებენ, რომელსაც ის არ იმსახურებს.
მშობელმა დასჯის მეთოდის მხოლოდ მაშინ უნდა მიმართოს თუ ის ბავშვის მიერაც განიცდება, როგორც სამართლიანი და ობიექტური, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ შორის ურთიერთობები უფრო რთულ ხასიათს მიიღებს.



რჩევა მშობლებს ბავშვებისგან

  1. ნუ გამათამამებთ. ამით მხოლოდ დამაზიანებთ. კარგად მესმის, რომ რასაც ვითხოვ, ყველაფერი არ მეკუთვნის. მე მხოლოდ გცდით. თუ გამივა, ჩემი მორჯულება გაგირთულდებათ.
  2. გამოიჩინეთ სიმტკიცე ჩემთან მიმართებაში. სწორედ ასეთ მიდგომას ვანიჭებ უპირატესობას. სწორედ ეს მაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ვიპოვო საკუთარი ადგილი.
  3. ნუ მაიძულებთ, თავი უფრო პატარად ვიგრძნო, ვიდრე ვარ. ასე მტირალა და მომთხოვნი გავხდები.
  4. ნურაფერს გააკეთებთ ჩემ ნაცვლად. მასწავლეთ - მე ყველაფრის კეთება შემიძლია. სხვა შემთხვევაში ჩემს მსახურად გადაგაქცევთ.
  5. ნუ აჰყვებით ჩემს პროვოკაციებს. მათ თქვენს გულდასაწყვეტად ვაწყობ. ნუ აჰყვებით, ამით მაშინ ვისარგებლებ, როცა მომესურვება.
  6. ნუ მომთხოვთ დაუყონებლივ ახსნა-განმარტებებს, რატომ ჩავიდინე ესა თუ ის საქციელი. ამაზე პასუხი ხშირად თვითონაც არ მაქვს.
  7. ნუ გამომცდით. შემეშინდება და იოლად ვიქცევი ცრუპენტელად.
  8. ნუ გადაყვებით ჩემს შიშებს. ასე უფრო შემეშინდება. უბრალოდ მაგრძნობინეთ თქვენი მხარდაჭერა.
  9. საკუთარი მაგალითით მაჩვენეთ, რა არის სიმამაცე.
  10. ნუ შემპირდებით იმას, რისი შესრულებაც არ შეგიძლიათ. ამგვარად მე თქვენს რწმენას დავკარგავ.
  11. ყველაფერი თანამიმდევრულად აკეთეთ. ქაოსური ქმედებები თავ-გზას მიბნევენ.
  12. ტყუილად ნუ ამომიჩემებთ, უმიზეზოდ არ მებუზღუნოთ. თუ ასე მომექცევით, იძულებული გავხდები თავი დავიცვა ან აღარ მოგისმინოთ.
  13. ნუ მაგრძნობინებთ, რომ ჩემი საქციელი სასიკვდილო ცოდვაა. მაქვს უფლება შეცდომებიც დავუშვა და გამოვასწორო კიდეც ისინი. თუ იმაში დამარწმუნებთ, რომ მართლაც უვარგისი ვარ, მომავალში შემეშინდება რაიმის კეთება, თუნდაც დარწმუნებული ვიყო, რომ ცუდს არაფერს ვაკეთებ.
  14. ნუ შეეცდებით, ამარიდოთ შეცდომის შედეგი. თქვენსავით მეც საკუთარ შეცდომებზე ვსწავლობ და პირადი გამოცდილება მჭირდება.
  15. არ დაგავიწყდეთ, რომ მიყვარს ექსპერიმენტები. ამ გზით სამყაროს შევიცნობ.
  16. ნუ შეეცდებით გაგანია კონფლიქტში ჩემი საქციელის გარჩევას. ზოგიერთი ობიექტური მიზეზის გამო ამ დროს არაფერი მესმის, თქვენთან თანამშრომლობის სურვილი არ გამაჩნია. უმჯობესი იქნება, თუ ამას კონფლიქტის ჩავლის შემდეგ გააკეთებთ.
  17. ნუ მომცემთ შენიშვნას სხვისი თანდასწრებით. გაცილებით მეტ ყურადღებას მივაქცევ მას თქვენთან პირისპირ საუბრის დროს.
  18. გახსოვდეთ, რომ თქვენი თანადგომის გარეშე კარგად ვერ განვვითარდები, მაგრამ საქებარი სიტყვები, დამსახურებულადაც რომ მეკუთვნოდეს, დავიწყებას მიეცემა, თქვენი უხეში შენიშვნა კი კარგა ხანს მემახსოვრება.
  19. მაინტერესებს საპირისპირო სქესი და რაც უფრ მიჩქმალავთ ამ თემას, არ ამიხსნით, როგორ უნდა მოვიქცე, რა არის ლტოლვა ან სიყვარული, ამის შესახებ უფროსი ბავშვები მიამბობენ. ამიტომ უმჯობესია მოიფიქროთ, როგორ მითხრათ.
  20. კარგად ვგრძნობ, როდის გიჭირთ. არ დამიმალოთ და არ დამემალოთ. მომეცით იმის შანსი, რომ თქვენთან ერთად განვიცადო. როდესაც თქვენ ნდობას გამომიცხადებთ, მეც მიგენდობით.
  21. არაფერია, თუ ერთად ცოტა დროს გავატარებთ. ჩემთვის გაცილებით მნიშვნელოვანია რამდენად ხარისხიანად ვატარებთ ამ დროს.
  22. იყავით ყურადღებით, როდესაც ჩემს ცხოვრებაში გარდამტეხი მომენტი დადგება და სამეგობრო წრის არჩევა მომიწევს. ჩემი თანატოლების აზრი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გახდება. მე კი თქვენ მიმართ უფრო კრიტიკული ვიქნები. თქვენი სიტყვები და საქმე ერთმანეთს უნდა ემთხვეოდეს.
  23. მომექეცით ისე, როგორც მეგობრებს ექცევით. მაშინვე მეც თქვენი მეგობარი გახვდები. 
  24. მაგალითებით მეტს ვსწავლობ, ვიდრე კრიტიკით.












„გარდატეხის ასაკი“


„ბავშვების აღზრდა სრულად არის დამოკიდებული იმაზე,
თუ როგორ ექცევიან მათ უფროსები და არა იმაზე, თუ რა
დამოკიდებულება აქვთ უფროსებს აღზრდის მიმართ“
ჰილბერტ ჩესტერტონი (ინგლისელი მწერალი).

„გარდატეხის ასაკი“ – ამ წერილს შეგნებულად შევურჩიე ასეთი სათაური, რადგან აღნიშნული ტერმინი, ვფიქრობ, გასაგებია, როგორც მშობლებისათვის, ასევე სხვადასხვა სააღმზრდელო დაწესებულებებში მომუშავე სპეციალისტებისათვის, მასწავლებლებისათვის და უბრალოდ ბავშვთა და მოზარდთა ასაკობრივი განვითარების თავისებურებებით დაინტერესებული მკითხველებისათვის.
„გარდატეხის ასაკის“ კრიზისი, ისევე, როგორ ნებისმიერი სხვა კრიზისი – არ არის რაღაც სტიქიური უბედურება, ის მხოლოდ განვითარების აუცილებელი ეტაპია, რომელსაც გვერდს ვერავინ აუვლის. მაგრამ შესაძლებელია მისი სასიკეთოდ გამოყენება!“ (ე. შევჩენკო; ნაწყვეტი წიგნიდან: „ხუთი საუკეთესო საშუალება, რათა ვიცხოვროთ სიმშვიდესა და სიყვარულში“).  უმრავლეს შემთხვევებში მშობლებისთვის საჭიროა საკუთარი ქცევების შეცვლა. ანუ, მშობელმა უნდა დაიწყოს საკუთარ შვილთან ერთად ზრდა, რათა გახდეს სრულფასოვანი მშობელი“. ეს მოსაზრება ძალიან მომეწონა და მართლაც, მოდით, ვცადოთ, გავხდეთ „ზრდასრული უფროსები“.
„გარდატეხის ასაკის“ თავისებურებებზე უამრავი ლიტერატურა არსებობს, რაც ყურადღებიან უფროსებს შესაძლებლობას აძლევს აღიჭურვონ ცოდნით და მიიღონ მათთვის საჭირო პრაქტიკული რჩევა-დარიგებები.
თავად მოზარდები, ვფიქრობ, ნაკლებად უთმობენ დროს ამ საკითხის შესწავლას და ამიტომ მათთვის ამ პერიოდში მიმდინარე პროცესები სრულიად მოულოდნელი და გაუგებარია. მოზარდები იბნევიან, მათ ვერ გაურკვევიათ, საიდან მოდის:
  • ცუდი ხასიათი;
  • მოულოდნელი ცრემლები („რა მჭირს? რა მემართება? ადრე სულაც არ ვიყავი ასეთი გულჩვილი“);
  • გაღიზიანება და მოულოდნელი „აფეთქებები“ („მე ხომ წყნარი და მშვიდი ტიპი ვიყავი? ახლა უცებ ისე ავყვირდები, საკუთარ ხმასაც ვეღარ ვცნობ“);
  • ყველაზე და ყველაფრის მიმართ ცინიკური დამოკიდებულება („მე ხომ ჩემები ძალიან მიყვარდა? ახლა რა ხდება ვერ ვიგებ, ყველას ვეუხეშები. იმ დღეს პატარა და ისე ვატირე…“)

სწორედ, საკუთარი შინაგანი სამყარო აშინებს ამ ასაკში მოზარდს. და ამ შიშს ჰქვია: არაპროგნოზირებადი,  გუნება-განწყობის მკვეთრი ცვლილება; მოულოდნელი გარდაქმნა ყველასა და ყველაფრისადმი დამოკიდებულებაში. მოზარდი აცნობიერებს საკუთარ თავში უმართავ ძალებს და აშინებს ამ ძალების სიღრმე და სიძლიერე. ამ ყველაფერს კიდევ ემატება მშობლების/უფროსების მხრიდან ვერგაგება და უკმაყოფილება. ამიტომაც არის, რომ მოზარდებს ხშირ შემთხვევაში ურჩევნიათ დაიმალონ, საკუთარ თავში ჩაიკეტონ.

ამ დროს მშობლები, როგორც წესი, იწყებენ გამოკითხვას:

  • „რა გჭირს? რა გემართება?
  • შენ ხომ ადრე ასეთი არ იყავი?
  • საერთოდ ვეღარ გცნობთ, აი მასწავლებლებმაც გვისაყვედურეს, რომ შეიცვალე და სკოლაშიც ცუდად იქცევი; შენს ნიშნებზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია, სრულიად აიღე ხელი სწავლაზე“;
  • მთელი ღამეები არ გძინავს, სულ ინტერნეტში ზიხარ;
  • მარტო ჩვენ კი არა, ვერავინ ვეღარ გცნობს, ყველას თავს არიდებ;
  • ვიღაც გაურკვეველ ტიპებთან დაიწყე მეგობრობა;
  • წარმოდგენა მაინც თუ გაქვს, როგორ ვნერვიულობთ ჩვენ შენზე? არა, რაში გაინტერესებს, ჩვენი განცდები, შენ მხოლოდ საკუთრი თავი გაღელვებს;
  • რამდენიც არ უნდა გელაპარაკო, მაინც შენსას აკეთებ, საერთოდ აღარ მისმენ.

ვფიქრობ, ნაცნობი ფრაზებია. ამ ფრაზებს უფროსები არცთუ იშვიათად ხმამაღლა და გაღიზიანებით წარმოთქვამენ, რითაც მოზარდს კიდევ უფრო უმტკიცდება იმის განცდა, რომ ის ახლობელი ადამინებისათვისაც კი  უცხო და მიუღებელი გახდა. მისი აღარავის ესმის.
განვაგრძოთ, მოვლენებზე თვალის დევნება და ადვილად მივხვდებით, რომ ასეთ ვითარებაში ნებისმიერი მოზარდი, მიუხედავად იმისა, რთული ხასიათი აქვს თუ არა, იდეალისტად მიიჩნევს თავს თუ რეალისტად, სერიოზულია თუ ხუმარა, ინტელექტუალია თუ არა, მორცხვია თუ თამამი, გულწრფელია თუ ნაკლებად გულწრფელი, მშვიდია თუ შფოთიანი, მაინც დაიწყებს გარეშე პირის ძიებას, რომელსაც ყველაფერს მოუყვება და ისიც გაუგებს, უთანაგრძნობს. იქნებ რამე სასიკეთოც ურჩიოს. სწორედ ამიტომ ცდილობენ მოზარდები უფრო მეტად იყვნენ სახლიდან შორს, სხვა ადამიანებთან. იწყება მეგობრების, კეთილის მსურველების ძიება და ზოგ შემთხვევაში, სამწუხაროდ,  შესაძლებელია არცთუ ისე სახარბიელო წრეში აღმოჩნდნენ.
ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ არის მომენტები, როდესაც ყველაზე უკეთესი, რაც მშობელს შეუძლია გააკეთოს – ეს არის მოზარდისთვის თავის დანებება.
უკვე მივხვდი, რომ ამის წაკითხვისას მრავალი მშობელი შეეწინააღმდეგება, ე.წ. „თავის დანებების ტაქტიკას“.
  • „თქვენთვის ადვილი სათქმელია“;
  • „რამე რომ მოხდეს? ეშმაკს არ სძინავს“;
  • „ვცადე რამოდენიმეჯერ, მაგრამ ისე ვნერვიულობ, არაფრით გამომდის“.

გეთანხმებით, მაგრამ ხომ იცით: რომ „აკრძალული ხილი უფრო გემრიელია?“ და ამიტომ  უნდა ითქვას, რომ ნებისმიერმა აკრძალვამ ამ ასაკის მოზარდისათვის სრულიად შესაძლებელია მაპროვოცირებელი როლი ითამაშოს და სურვილი გაუჩინოს მას, დაარღვიოს აკრძალვა. გასათვალისწინებელია კიდევ ერთი გარემოება, აკრძალვები კიდევ უფრო მეტად გააღრმავებს უფსკრულს უფროსებსა და მოზარდს შორის.
ხშირად მითქვამს, რომ ბავშვის მიმართ გამოჩენილი ზრუნვა და კონტროლი უნდა იყოს დაბალანსებული და არცერთმა არ უნდა გადაწონოს მეორე. „გარდატეხის ასაკში“, კი გაცილებით მნიშვნელოვანია გავაძლიეროთ მოზარდთან ურთიერთობა. ასეთ დროს ფსიქოლოგები გირჩევენ, რომ დაპატიჟოთ თქვენი შვილის მეგობრები სახლში სტუმრად და გაიცნოთ ისინი, იმის ნაცვლად, რომ უსაყვედუროთ მას მეგობრებთან ხშირი ურთიერთობების გამო და გამუდმებით ეჭვქვეშ დააყენოთ მათი ღირსებები. ესაუბრეთ თქვენი შვილის მეგობრებს, ეცადეთ მათ თვალშიც გაიძლიეროთ ავტორიტეტი და ამით საკუთრი შვილის თვალშიც მეტ ნდობასა და ავტორიტეტს მოიპოვებთ.
ვცდილობ, უფროსებს დავანახვო, რომ სწორედ მათი თანაგრძნობა, ყურადღება, დახმარება, ზომიერი ზრუნვა, და არა ჰიპერმეურვეობა, არის ის, რასაც შეუძლია სიტუაციას სასიკეთოდ შეცვლა. ამ თემაზე დაწერილ ლიტერატურაში აუცილებლად ამოიკითხავთ, რომ ამ დროს მთავარია, დაეხმაროთ თქვენს მოზარდს გააცნობიეროს, თუ რა ხდება მის თავს და რომ მსგავსი რამეები არის სრულიად ნორმალური და ბუნებრივი. მნიშვნელოვანია მის გვერდზე ყოფნა, რათა მოზარდმა სიმშვიდე და სულიერი წონასწორობა აღიდგინოს. მნიშვნელოვანია, გააცნობიერებინოთ მას, რა და რატომ ხდება მის ცნობიერებაში.
შეეცადეთ, ავუხსნათ თქვენს მოზარდ შვილებს, რომ, როდესაც რაღაც გაურკვეველს, უცხოს აწყდებიან, მაშინ იბნევიან, თითქოს სიბნელეში აღმოჩნდებიან და იმის ნაცვლად, რომ ხელების ცეცებით ეცადონ გარემოში ორიენტირებას, ყოველთვის შეუძლიათ დახმარება ითხოვონ და მიიღებენ კიდევაც მას გამოცდილი უფროსებისაგან, რომლებსაც კარგად ახსოვთ ის დრო, როდესაც მსგავს სიტუაციაში თავად აღმოჩნდნენ. ახსოვთ, როგორ მარტოსულად გრძნობდნენ თავს და ეგონათ, რომ ეს „კოშმარი არასოდეს დასრულდებოდა“.
უფროსებს ისიც უნდა ახსოვდეთ, რომ მოზარებს ამ ასაკში არა მხოლოდ საკუთრი ხასიათობრივი თუ მსოფმხედველობრივი ცვლილებები აფრთხობთ და აღიზიანებთ, არამედ მათ შესაძლებელია უფრო მეტად სხეულებრივი ცვლილებები ანერვიულებდეთ. დაკვირვებულ მშობლებს უთუოდ შეუნიშნავთ სარკის წინ საათობით მოტრიალე შვილები, რომლებიც უკმაყოფილოდ შესცქერიან საკუთარ ანარეკლს. ეს ცვლილებები მოზარდებში სერიოზული სტრესის და იმედგაცრუების საბაბი შეიძლება გახდეს, მით უფრო, რომ, სავარაუდოდ, ის შეიძლება „უიმედოდ იყოს შეყვარებული“.
აქ კიდევ ერთხელ დავაყენე საკუთარი თავი ჩემი მკითხველის ადგილას: „თქვენთვის ადვილია, თქვენ ხომ ფსიქოლოგი ხართ და, ესე იგი, ჭკუის სწავლებას შეჩვეული“.
სამაგიეროდ, თქვენ ხართ მშობლები/აღმზრდელები, რომლებსაც ძალიან გიყვართ საკუთარი შვილები და გსურთ, რომ თქვენმა შვილებმაც იცოდნენ ეს. ვიცი, რომ არის მომენტები, როცა ფიქრობთ, რომ თქვენს მოზარდ შვილს ეჭვი ეპარება თქვენს სიყვარულში, რადგან ზოგჯერ „ნერვები აღარ გყოფნით“ და საყვედურობთ, ხანდახან უყვირით კიდეც მას. მართლაც ძალიან რთულია, უყურო საკუთარ მოზარდ შვილს, რომელიც გამუდმებით გეუხეშებათ, აღარ გიჯერებთ და საერთოდაც ისე შეიცვალა, რომ ვეღარც კი ცნობთ. ასეთ წუთებში ფიქრობთ, რომ ძალიან ცუდ დღეში ხართ, საკუთარი თავი გეცოდებათ და აღარ იცით, როგორ მოიქცეთ.
სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი შესაბამისი სპეციალისტების დახმარება, რათა შეძლოთ შედარებით მაინც შეინარჩუნოთ სიმშვიდე. სიმართლე ის გახლავთ, რომ თქვენზე კარგად ვერავინ დაეხმარება თქვენს შვილს და სწორედ თქვენზეა დამოკიდებული თუ რამდენად იქნებით მზად, იცხოვროთ დროებით შეცვლილ რეალობაში. აუცილებელია იფიქროთ, რომ თქვენს შვილს ამ ეტაპზე თქვენზე მეტად უჭირს და მხარდაჭერა სჭირდება. ის უნდა გაიზარდოს, გადალახოს ასაკობრივი სირთულეები და აღიდგინოს დარღვეული წონასწორობა.






როგორ დავეხმაროთ ბავშვს ძლიერი ნებისყოფის ჩამოყალიბებაში


ვფიქრობ, ძნელია მოიძებნოს ისეთი მშობელი, რომელსაც არ ექნება სურვილი, რომ მისი შვილი იყოს მტკიცე ხასიათის, ძლიერი ნებისყოფის, მიზანდასახული, მიზანსწრაფული და დამოუკიდებლად მოქმედების უნარით აღჭურვილი. მათი ჩივილები შვილთან დაკავშირებით ხომ ყველაზე ხშირად სწორედ ნებისყოფას უკავშირდება – „უჭირს დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა“, „უჭირს დასახული მიზნის შესაბამისად მოქმედება“, „ძალიან სუსუტი ნებისყოფა აქვს“, „ჩემი დახმარების გარეშე ვერაფერს აკეთებს“. ამგვარი ფრაზების მოსმენა, მშობელთა მხრიდან,  ჩვეულებრივი მოვლენაა. როგორც წესი, ნებისყოფასთან დაკავშირებული პრობლემებით,  მშობლები წუხილსა და დაინტერესებას ბავშვის სკოლაში შეყვანის შემდეგ აქტიურად იწყებენ. ეს ბუნებრივიცაა, ვინაიდან სასკოლო სწავლება-ნებელობის განვითარების გარკვეულ დონეს საჭიროებს და პრობლემები, რომლებსაც ბავშვი სწავლის დროს ხვდება, არცთუ ისე იშვიათად, სწორედ აღნიშნული მიმართულებით მის განვითარებაში არსებული ხარვეზებით შეიძლება იყოს გამოწვეული.
     გამომდინარე იქიდან, რომ ნებისყოფის როლი და მნიშვნელობა, როგორც სწავლის, ასევე პიროვნების ჩამოყალიბების პროცესში განუზომელია, ნებისმიერი აღმზრდელისთვის საინტერესო იქნება იმის ცოდნა, თუ რა გზას გადის ბავშვის ნებელობითი განვითარება და როგორ შეიძლება დავეხმაროთ აღსაზრდელს ძლიერი ნებისყოფის ჩამოყალიბებაში.
     კარგად არის ცნობილი, რომ ადამიანი არ იბადება ძლიერი ან სუსტი ნებისყოფით. ის მემკვიდრეობით არ გადაეცემა მშობლიდან შვილს. ნებისყოფა ყალიბდება ბავშვის მიერ სოციალური ნორმების ათვისების პროცესში. მისი განვითარება ბევრად არის დამოკიდებული ცხოვრების პირობებსა და აღზრდაზე. თუ ბავშვი იზრდება ჰიპერმზრუნველობის პირობებში, მშობლები ზედმეტად მეურვეობენ, უფროსები მის ნებისმიერ სურვილს, თხოვნას, კაპრიზს უსიტყვოდ ასრულებენ, საეჭვოა, რომ ის ძლიერი ნებისყოფის და მტკიცე ხასიათის ადამიანად ჩამოყალიბდეს. ასეთი ბავშვი იქნება განებივრებული, ჭირვეული და მშობლებს უამრავ პრობლემას შეუქმნის.
     კარგი იქნება, თუ ნებისყოფის განვითარებაზე ზრუნვას ჯერ კიდევ სკოლამდელ პერიოდში, ადრეული ასაკიდანვე დავიწყებთ. როგორც კი შევამჩნევთ, რომ ბავშვს შეუძლია მისკენ მიმართული სიტყვების აზრის წვდომა და გაგება, შეგვიძლია უკვე გარკვეული, მისი შესაძლებლობების შესაბამისი მოთხოვნები წავუყენოთ მას და ვთხოვოთ მათი შესრულება. მაგალითად, სათამაშოების დამოუკიდებლად დალაგება თამაშის შემდეგ, ტანსაცმლის დამოუკიდებლად ჩაცმა, გახდა და ა.შ. უნდა ითქვას, რომ  ადრეულ ასაკში ხშირად პატარები თავად ითხოვენ დამოუკიდებლად მოქმედებას, მაგ. სიტყვებით „მე თვითონ“ ის პროტესტს უცხადებს დედას და ხელიდან სტაცებს კოვზს, რომ დამოუკიდებლად ჭამოს. ასეთ სცენას ჩვენ შეიძლება ბავშვის ჩაცმის დროსაც წავაწყდეთ – ბავშვი ჭირვეულობს და ცდილობს თვითონ ჩაიცვას ფეხსაცმელი, ტანსაცმელი. თუმცა, იმის გამო,  რომ მისი მოძრაობები ჯერ კიდევ არ არის საკმარისად დახვეწილი, მას დიდი დრო ეხარჯება აღნიშნული მოქმედებების განხორციელებაზე, რაც დედას აღიზიანებს და ცდილობს დაიმორჩილოს ბავშვი, თვითონ აჭამოს და ჩააცვას. ყოველივე ეს დიდ ზიანს აყენებს ბავშვის ნებელობით განვითარებას.
ადრეულ ასაკში, ბავშვთან ურთიერთობისას, ჩვენ ხშირად ვხვდებით ისეთ სიტუაციებს, რომლებიც მისი ნებისყოფის განვითარების კარგ საშუალებას იძლევა, რა თქმა უნდა, თუ ჩვენ სწორად ვიმოქმედებთ. მაგ. არის ხოლმე შემთხვევები, როცა კაშკაშა სათამაშოს დანახვისას პატარა მისკენ იწევს, რომ როგორმე ხელში ჩაიგდოს. სულ რამდენიმე თვის ბავშვს უკვე შეუძლია ამის გაკეთება დამოუკიდებლად, თუ გარკვეულ ძალისხმევას გამოიჩენს. კარგი იქნება, რომ ჩვენ არ ვიჩქაროთ, არ მივაწოდოთ ბავშვს მისთვის სასურველი სათამაშო და მივცეთ ნებელობის გამომჟღავნების შესაძლებლობა. ნუ მოვაკლებთ მას მიზნის მიღწევით და საკუთარი წარმატებით განცდილ სიხარულს. პატარა ძალიან ბედნიერად გრძნობს თავს, როცა დამოუკიდებლად აღწევს მიზანს. წინააღმდეგობების დამოუკიდებლად დაძლევა აქტიური, დამოუკიდებელი პიროვნების ფორმირების მნიშვნელოვანი წინაპირობაა. რა თქმა უნდა, ასაკიდან გამომდინარე, ბავშვის შესაძლებლობები გარკვეულწილად შეზღუდულია და ძალიან ხშირად მას არ შეუძლია დახმარების გარეშე წამოჭრილი პრობლემის წარმატებით გადაჭრა. თუ ვხედავთ, რომ ის თავს ვერ ართმევს  მის წინაშე მდგარ ამოცანას, ჩვენ აუცილებლად უნდა დავეხმაროთ მას. თუმცა, ნუ დაგვავიწყდება, რომ ჩვენ მხოლოდ ვეხმარებით, ამიტომ მთელ პასუხისმგებლობას ნუ ავიღებთ ჩვენს თავზე და ბავშვის ნაცვლად ნუ ვეცდებით პრობლემის გადაჭრას. ერთხელ, ორი წლის გიომ ვერაფრით მოახერხა სათამაშო ფიგურების ყუთში ისე ჩალაგება, რომ ყველა თავის ადგილას მოხვედრილიყო და ყუთისთვის თავსახურიც თავისუფლად დაეფარებინა. ბავშვმა ნერვიულობა დაიწყო და დასახმარებლად დედას უხმო. დედამ სწრაფად ჩაალაგა ფიგურები და თავსახურიც ადვილად დააფარა ყუთს. გიო გახარებული და კმაყოფილია. გახარებულია დედაც – ბავშვმა ტირილი შეწყვიტა. რამდენიმე წუთის შემდეგ ყველაფერი მეორდება. თუმცა ამჯერად დედა გაღიზიანებული და უკმაყოფილოა – „როდემდე შეიძლება ამის გაგრძელება, სახლის საქმეებია გასაკეთებელი“. ამ შემთხვევაში დედის შეცდომა ის არის, რომ მან ბავშვის ნაცვლად გააკეთა ყველაფერი, ნაცვლად იმისა, რომ უბრალოდ დახმარებოდა მას. უმჯობესი იქნებოდა დედას ეჩვენებინა გიოსთვის, როგორ უნდა ჩაელაგებინა ფიგურები ყუთში, შემდეგ კი თვალ-ყური ედევნებინა რამდენად მოახერხებდა ის ამის გაკეთებას. ამით ბავშვი ისწავლიდა რთული სიტუაციიდან გამოსვლას. ნუ გავაკეთებთ ბავშვის მაგივრად იმას, რისი გაკეთების უნარიც მას უკვე აქვს, რისი გაკეთებაც მას უკვე შეუძლია. ვეცადოთ ადრეული ასაკიდანვე ვასწავლოთ ბავშვს უმარტივესი „პრობლემებისთვის“ დამოუკიდებლად თავის გართმევა: სათამაშოების ალაგება თამაშის შემდეგ, დამოუკიდებლად ხელ-პირის დაბანა, ჩაცმა, გახდა. ამით ბავშვი სწავლობს დამოუკიდებლობას და საკუთარ თავში ავითარებს ნებელობით თვისებებს. გარკვეულ პერიოდში ბავშვი დაჟინებით მოითხოვს ჩვენგან, რომ მივცეთ დამოუკიდებლად მოქმედების საშუალება – დამოუკიდებლად ჩაცმა, გახდა, ჭამა. თუ ამ დროს ჩვენ მას ამის საშუალებას არ მივცემთ, ის მიეჩვევა ჩვენს მომსახურებას და მოგვიანებით, როცა ჩვენ მოგვინდება, რომ ბავშვმა დამოუკიდებლად აკეთოს ეს ყველაფერი, ადვილი შესაძლებელია მას აღარ ჰქონდეს ამის სურვილი, რის გამოც ჩვენ უკმაყოფილების და სიბრაზის გრძნობა დაგვეუფლება. მაგრამ, თუ ადრეული ასაკიდანვე,  ბავშვთან ურთიერთობაში გამოვიჩენთ მოთმინებას, არ დავზოგავთ დროს და გარკვეულ გასაქანს მივცემთ  ბავშვის დამოუკიდებლობისკენ სწრაფვას, ის სწორად განვითარდება და მოგვიანებით გაცილებით გაგვიადვილდება მასთან ურთიერთობა.
  ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე,  თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნებელობითი თვისებები უცებ არ აღმოცენდება. ის გადის განვითარების რთულ გზას. ამასთან, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ნებისყოფის განვითარება სკოლამდელ ასაკში მნიშვნელოვანი წინაპირობაა სკოლაში სწავლის დასაწყებად. იმისათვის, რომ ბავშვმა სასკოლო სწავლების პროცესში წარმატებას მიაღწიოს, ის უნდა დაემორჩილოს გარკვეულ წესებს, საკუთარი მოქმედება შეუსაბამოს მის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს, ასევე უნდა შეძლოს საკუთარი თავის და ქცევის მართვა. ნებელობითი განვითარება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია ბავშვის სასკოლო სწავლისათვის ფსიქოლოგიური მზაობის კომპონენტებს შორის.  არანაირი სისტემური სწავლება არ იქნება შესაძლებელი, თუ ბავშვი ვერ ფლობს საკუთარ თავს, თუ ის მოქმედებს მხოლოდ აქტუალური მოთხოვნილებების საფუძველზე და ვერ ახერხებს, რომ საკუთარი მოქმედება მასწავლებლის მითითებებს და სასკოლო პროგრამის მოთხოვნებს დაუქვემდებაროს. ალბათ შემთხვევითი არ არის, რომ ყველაზე ხშირად ბავშვის წარუმატებლობის მიზეზს სასკოლო სწავლების პროცესში ნებისყოფის განვითარების არასათანადო დონე წარმოადგენს, რის გამოც ბავშვს აკლია  დამოუკიდებლობა, არ შეუძლია საქმის ბოლომდე მიყვანა, არა აქვს საჭირო მზაობა სასკოლო სწავლისათვის. ასეთი ბავშვები, როგორც წესი, ძალიან პასიურები არიან დავალებების შესრულების დროს. პასიურობას  ხშირად თან ახლავს უარყოფითი ემოციები და უკმაყოფილების გამომხატველი ფრაზები: „რთულია“, „არ მინდა“, „მაიძულეს“ და ა.შ.  ყოველივე აღნიშნულს  სასწავლო მოტივაციის დაბალი დონეც ახლავს. ამ სირთულეების თავიდან ასაცილებლად ბავშვს აუცილებლად უნდა ვასწავლოთ გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა არ ექნება რჩევის სხვისგან მიღების  შესაძლებლობა.
      ბევრი მშობელი აქტიურად ზრუნავს იმაზე, რომ მისმა შვილმა, სასკოლო სწავლების დაწყებისთვის ბევრი რამ იცოდეს, იყოს ყურადღებიანი, რაც შეიძლება მეტ და მრავალფეროვან ინფორმაციას კარგად იმახსოვრებდეს, გამართულად ლაპარაკობდეს. რაც შეეხება ნებელობას, საკუთარი თავისა და ქცევის მართვას, ამაზე ნაკლებად ფიქრობენ და თვლიან, რომ ამ ასაკის ბავშვისთვის ნებელობის განვითარების ასეთი დონე ჯერ ნაადრევია. და ეს მაშინ, როცა თვითკონტროლი სასკოლო სწავლებაში წარმატების მიღწევის უმნიშვნელოვანეს პირობას  წარმოადგენს. იმისათვის, რომ კარგად ისწავლოს, ბავშვისთვის აუცილებელია ყურადღებით და ბოლომდე მოუსმინოს, რას ლაპარაკობს არა მხოლოდ მასწავლებელი, არამედ თანატოლიც, განურჩევლად იმისა საინტერესოა ეს მისთვის თუ არა, უკვე იცის მან ეს მასალა, თუ არა. უნდა შეძლოს თავშეკავება და არ წამოიძახოს ადგილიდან პასუხი, აიწიოს ხელი და დაელოდოს როდის შეეკითხებიან. უნდა ილაპარაკოს, რასაც ეკითხებიან, რაც კავშირშია გაკვეთილთან  და არა ის, რაც სურს.  უნდა გააკეთოს ის, რასაც მასწავლებელი ავალებს და მიიყვანოს დაწყებული საქმე ლოგიკურ დასასრულამდე, მაშინაც კი, თუ ის ცუდად გამოსდის და საერთოდ არც უნდა ამის გაკეთება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ბავშვმა არა მხოლოდ უნდა იცოდეს, როგორ მოიქცეს გაკვეთილზე, არამედ შეძლოს კიდეც ასე მოქცევა, ე.ი. ჰქონდეს ამისათვის საჭირო ძალა და მოთმინება. სწორედ ამისათვის არის საჭირო ნებისყოფის განვითარება.
     ვინაიდან პიროვნების სიძლიერე უპირველეს ყოვლისა ნებისყოფის სიძლიერით განისაზღვრება, ამასთან ერთად, ძლიერი ნებისყოფის ადამიანს აქვს საკუთარ თავში   დარწმუნებულობის გრძნობა და შეუძლია სირთულეების ადვილად გადალახვა, აღზრდის პროცესში მთელი ჩვენი ძალისხმევა სწორედ ძლიერი ნებისყოფის ჩამოყალიბების ხელშეწყობაზე უნდა იყოს მიმართული. იმისათვის, რომ ბავშვში ძლიერი ნებისყოფა აღვზარდოთ, აუცილებელია დავიცვათ შემდეგი პირობები:
  • ნურასოდეს გავაკეთებთ ბავშვის ნაცვლად იმას, რასაც ის თავად უნდა დაეუფლოს;
  • დავაინტერესოთ ბავშვი დამოუკიდებელი მოქმედებით და წავახალისოთ ის ამ მიმართულებით, გამოვიწვიოთ მასში სიხარულის გრძნობა მიღწეულით;
  • ვასწავლოთ ბავშვს დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება და იზრუნოს მის განხორციელებაზე.
     არასოდეს დავივიწყოთ, რომ ბავშვი ისწავლის ნებისყოფის და დამოუკიდებლობის გამოვლენას, თუ ჩვენ ამისათვის შევქმნით პირობებს და თავად წავახალისებთ მის დამოუკიდებლობას.
დაბოლოს, მნიშვნელოვანია, რომ არ გამოგვრჩეს ბავშვის განვითარების ის პერიოდი, როდესაც ყალიბდება ადამიანის ნებელობითი თვისებები. გავითვალისწინოთ, რომ გაცილებით ადვილია ბავშვის სწორად აღზრდა, ვიდრე აღზრდაში დაშვებული შეცდომების გამოსწორება. ბავშვის შეცვლა, ხელმეორედ აღზრდა საჭიროებს დიდ ძალისხმევას, ცოდნას და მოთმინებას, რასაც, სამწუხაროდ, ყველა ვერ ახერხებს და რაც ყოველთვის წარმატებით არ სრულდება.



დედაშვილობა არანაირად არ ნიშნავს სიმკაცრეს ინტონაციაში – ნათია ფანჯიკიძის რჩევები მშობლებს

იყო მშობელი ყველაზე საპასუხისმგებლო და რთული ტვირთია განსაკუთრებით მაშინ, თუ მშობლები საზოგადოებისთვის ცნობილი და წარმატებული ადამიანები არიან, აქვთ საკუთარი საქმე და შვილების გაზრდასა და კარიერას შორის ოქროს შუალედის პოვნა უწევთ. ეს არის ერთგვარი პროფესია, რომელიც არ ისწავლება არც ერთ საშუალო თუ უმაღლეს სასწავლებელში და არც მზა რეცეპტები არსებობს, თუ როგორ უნდა აღზარდო შვილი. EDU.ARIS.GE-ის რუბრიკის „მშობელი მშობელს“ დღევანდელი სტუმარი ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძეა, რომელსაც საზოგადოების ერთი ნაწილი მინისტრის და უბრალოდ პოლიტიკოს ირაკლი ალასანიას მეუღლედ იცნობს.  ის მოსწავლეების მშობლებს საკუთარ გამოცდილებას და იმ შეხედულებებს უზიარებს, რომელიც, შვილებთანურთიერთობისას დააგროვა.
შვილისადმი ქება არასდროს უნდა დავიზაროთ, როცა ბავშვს საჩვენებლად თავისი ნაშრომიმოაქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ მოსწონს და შექებას ელის
შვილის სწავლის საკითხში, თუ აქ გაკვეთილების მომზადება და მომზადებული დავალების ჩაბარება იგულისხმება, მინიმალურად ვერეოდი. თუმცა საკმაო დოზით ვიყავი ჩართული თუ საქმე ეხებოდა ზოგადად განათლებას, არასასკოლო წიგნის შეთავაზებას, სხვადასხვა მეცნიერებისადმი ინტერესის გაღვივებას, სხვადასხვა წრეზე თუნდაც ცოტა ხნით მიყვანას, მათთვის საინტერესო კითხვაზე ამომწურავი და დაუზარელი პასუხის გაცემას. გაკვეთილების მომზადებაში, ალბათ, მხოლოდ დაწყებით კლასში, ისიც ცოტა ხანს ვეხმარებოდი. მაგრამ, როცა ბავშვს თვითონ მოაქვს საჩვენებლად თავისი ნაშრომი, ეს იმას ნიშნავს, რომ ძალიან მოსწონს და შექებას ელის, ქება არასდროს უნდა დავიზაროთ.
ნებისმიერი შრომა, გაწეული საკუთარი თავის სრულყოფისთვის, არის შრომათავისუფლების მოსაპოვებლად
მთავარი ჩემი რჩევა არის ის, რომ ნებისმიერი შრომა, გაწეული საკუთარი თავის სრულყოფისთვის, არის შრომა თავისუფლების მოსაპოვებლად, რადგან თავისუფლება დიდწილად არის დაკავშირებული პროფესიონალიზმთან. ნებისმიერი საქმის პროფესიონალი, თუნდაც ის არ იყოს განათლებული წიგნიერების თვალსაზრისით, მაგრამ რამის კეთება იცოდეს ნამდვილად კარგად, ყოველთვის იშოვის ლუკმა-პურს, რაც ნიშნავს იმას, რომ შეუძლია იყოს დამოუკიდებელი, მაშასადამე ძლიერი პიროვნება, რომელსაც არ ეშინია ჟამთაცვლის, სიტუაციების ცვალებადობის და ამიტომ არ არის გარემოებების ტყვე,  არ არის “იძულებული” იყოს კონფორმისტი და იქცეოდეს საკუთარი თავის საწინააღმდეგოდ, გაუძლოს არასასურველ სიტუაციას საკუთარი პრინციპის გათელვის და კომპრომისის ხარჯზე.
საქმე არ უნდა ასოცირდებოდეს ტანჯვა-წვალებასთან, მას უნდა მოჰქონდეს სიხარული
როცა საქმე შვილის სწავლასა და განათლებას ეხება, ძირითადად, ყურადღებას მათი ინტერესების, ფსიქოტიპის არჩევანზე ვამახვილებ. ადამიანმა ის უნდა აკეთოს, რაც აინტერესებს და რის სწავლა და კეთებაც სიამოვნებას გვრის. საქმე არ უნდა ასოცირდებოდეს ტანჯვა-წვალებასთან, საქმეს უნდა მოჰქონდეს სიხარული. მაშინ დაღლაც სიამოვნებაა. ადამიანი იმსახურებს საკუთარი საქმის კეთებით განცდილ სიხარულს.  სკოლაში სწავლისას მიღებულ ქულებს თითქმის არ ვუკონტროლებდი. ყოველთვის ვიყავი საქმის კურსში, მაგრამ ყოველთვის მათ სრულ  პასუხისმგებლობად განვიხილავდი ექნებოდათ ამბიცია წარმატებით დაესრულებინათ ამა თუ იმ საგანში სემესტრი, თუ ნაკლები წარმატებით.
პრიორიტეტული მშობლისთვის არ ნიშნავს პრიორიტეტულს ბავშვისთვის
მოვსინჯეთ ბევრი რამ, ცურვა, თხილამურები, ჭიდაობა, უცხო ენა, მუსიკა, ცეკვა, ხატვა… ცოტა ხანს ჩერდებოდნენ იქ, სადაც აღმოაჩენდნენ, რომ მათთვის საინტერესო ნაკლებია და მეტხანს იქ, რასაც თავად ირჩევდნენ. პრიორიტეტული მშობლისთვის არ ნიშნავს პრიორიტეტულს ბავშვისთვის.
დედა-შვილობა არანაირად არ ნიშნავს სიმკაცრეს ინტონაციაში
შვილებთან ისე ვსაუბრობ, როგორც დედა-შვილი, რადგან ჩვენ ვართ დედა-შვილი. მეგობარი მათ ბევრი ჰყავთ, დედა ერთი, მაგრამ დედა-შვილობა არანაირად არ ნიშნავს სიმკაცრეს ინტონაციაში. დედა ნიშნავს აბსოლუტურ მხარდაჭერას, სრულ მზადყოფნას – გაუწიოს შვილს ნებისმიერი დახმარება, რომელიც მას იმ ეტაპზე ესაჭიროება.
არავითარ შემთხვევაში არ უნდა დატვირთოთ ბავშვი უქმე დღეებსა და არდადეგებზესწავლით
მშობელი შვილს არ უნდა უჩლექდეს ენას. ბავშვის დასმულ ყველა კითხვას, ნებისმიერ ასაკში უნდა უპასუხოთ სრული პასუხისმგებლობით, ცხადია, მისი ასაკის შესაბამისი გამარტივებით. არავითარ შემთხვევაში არ უნდა დატვირთოთ ბავშვი უქმე დღეებსა და არდადეგებზე სწავლით. თქვენ რომ შვებულებაში სამუშაო გაგატანონ, ხომ დიდი უსამართლობა იქნება? სასწავლო დღეებშიც ბავშვს უნდა დარჩეს ერთი ან ორი საათი მაინც სათამაშოდ. უფრო დიდ ბავშვს, ფიქრისთვის და გართობისთვის. თამაში – თამაში არ გეგონოთ, თამაში ყველაზე სერიოზული საქმიანობაა. თამაშისას ნეირონები ვითარდება. სწავლის პასუხისმგებლობა უნდა გადაიტანოთ ბავშვზე, მას თუ სურს ღამე გაათიოს, “არასწორ დროს იმეცადინოს”, მთავარია იცოდეს, რომ რა დროსაც არ უნდა დაიძინოს, დილას ადგომა მოუწევს, რადგან საქმე აქვს. საქმე კი მთავარია. რეჟიმის მის ხელში მოხვედრა ბავშვს შეუქმნის განცდას, რომ მას არაფერს აძალებენ, ეს უბრალოდ მისივე სურვილით აღებული ვალდებულებაა.
შვილებთან ურთიერთობისას ფუნდამენტურს არაფერს ვნანობ. წვრილ-წვრილ შეცდომებს კი თავს ვპატიობ, ზოგიერთის გამო ბოდიშიც მომიხდია შვილებისთვის, რადგან გვიან, უფრო დიდ ასაკში გამიცნობიერებია, რომ როგორც ახალგაზრდა დედას, რაღაცები შემშლია. მიღწევად ვთვლი იმას, რომ ჩემს შვილებს სიკეთე აქვთ გულში, ძალიან კარგი ადამიანები არიან, არ ტანჯავთ სიხარბე, შური, მატყუარობა, დაბოღმილობა ანუ  ადამიანის სულის “მატლები”, რომელიც ღრღნის პიროვნებას. პირიქით, სულ პირიქით, მათი ადამიანური თვისებებით ვამაყობ.  მაქსიმუმი ყველა სახის სიყვარულში და მათ შორის მშობლის სიყვარულშიც არის ის, მისცე ადამიანს უფლება, იყოს საკუთარი თავი.








პრეზენტაციები

შეფასების რუბრიკები


თემატური გეგმები

ჩემი ბიბლიოთეკა

"წიგნები საუკეთესო მეგობრები არიან. ცხოვრების ყოველ განსაცდელში შეგიძლიათ მათ მიმართოთ. წიგნები არასოდეს გიღალატებებენ".
                                                                                   
                                                                                                          ალფონს დოდე
სამოქალაქო განათლება
  საქართველოს ისტორია    
გააგრძელე საქართველოს ისტორია










აუცილებლად წასაკითხი
V კლასი
1.იაკობ გოგებაშვილის-მოთხრობები- ”ბიბლიური ისტორიიდან”
2.ვაჟა-ფშაველას-"დათვი""მგელი""შალვას ნანახი ხატი"
3.მარკ ტვენი-"უფლისწული და მათხოვარი" 
4.იანუშ კორჩაკი-"მეფე მათიუშ პირველი"
5.ასტრიდ ლინდგრენი- ”ყაჩაღის ასული რონია”
6.ასტრიდ ლინდგრენი- "ძმები ლომგულები"
7.ანტუან დე სენტ-ეკზიუპერი - "პატარა უფლისწული"
8.ჯონათან სვიფტი-"გულივერის მოგზაურობა"
9.რადიარ კიპლინგი-"მაუგლი" 
  
VI კლასი
1.გ.ჩოხელის მოთხრობები
2.არჩილ სულაკაურის ”ჯადოსნური კაბა”
3.სელმა ლაგერლოფის ლეგენდები ქრისტეზე
4.ნ.დუმბაძის ”მე,ბებია,ილიკო და ილარონი”
5.ჩ.დიკენსის ”ოლივერ ტვისტის თავგადასავალი”
6.ალექსანდრე დიუმას ”სამი მუშკეტერი” 
7.მიხეილ ჯავახიშვილი-"პაპა დინო""ტყის კაცი"
8.ჯეიმს გრინვუდი-"პატარა მაწანწალა"
9.ჟიულ ვენრი-"80 ათასი კილომეტრი წყალქვეშ""დედამიწიდან მთვარემდე"
 VII კლასი
1.დ.კლდიაშვილის ”სოლომონ მორბელაძე”
2.ლ.ზრაზიკაშვილი-"მამაჩემი"
3.გულქან რაზიკაშვილის ”მამამ ღმერთს ჩამაჰყარა სახელი”
4.ნ. დუმბაძის ”მე ვხედავ მზეს”  
5.ვოლტერ სკოტის ”აივენჰო”
6.გ.ჩოხელის ”მგელი”
7.ჩარლზ დიკენსის ”დევიდ კოპერფილდი”
8.ანა ფრანკის დღიურები
9.ალფონს დოდეს ”ტარტარენ ტარასკონელის უჩვეულო თავგადასავალი”
 VIII კლასი
1.ალ.ყაზბეგის-"მამის მკვლელი""ელგუჯა""განკიცხული"
2.დ.კლდიაშვილის-"ბაკულას ღორები""შერისხვა""მიქელა"
3.გრ. აბაშიძის ”ცოტნე ანუ ქართველთა დაცემა და ამაღლება”
4.ცხოვრება ალექსანდრე ყაზბეგისა
5.შ.ბრონტე-"ჯეინ ეარი"
6.ნ.შატაიძე-მოთხრობები
7.გ.ლეონიძე-"ნატვრის ხე"
8.ოსკარ უაილდი-"ბროწეულის სახლი'
      

IX კლასი 
1.ვ.ბარნოვის ”ტრფობა წამებული”, ”ისნის ცისკარი”
2.ლ.სანიკიძის ”წიგნი მოწამეთა”
3კ.გამსახურდიას ნოველები "ქოსა გახუ"
4.სულხან-საბას ”მოგზაურობა ევროპაში”
5.ლ.ქიაჩელის „გვადი ბიგვა" "თავადის ქალი მაია"
6.ს.ჭიალაიას ”ეკატერინე ჭავჭავაძე”
7.მ.ჯავახიშვილის ”არსენა მარაბდელი”"კვაჭი კვაჭანტირაძე""ჩანჩურა"
8.ჯ.ლონდონის ”დიდი სახლის პატარა დიასახლისი”
9.ნ.ლორთქიფანიძის ნოველები"ბედნიერება""ტრაგედია უგმიროდ""რაინდები""ერთპერანგიანი"
10.ფრანკ კაფკა-"წერილები მამას""მეტამორფოზა"
11.პროსპერ მერიმე-"მატეო ფალკონე""შარლ IX-ის ქრონიკები"
X კლასი
1.გ.დოჩანაშვილის ”სამოსელი პირველი”
2.კ.გამსახურდიას ”მთვარის მოტაცება”
3.აკა მორჩილაძე-"სანტა ესპერანსა"
4.ნ.გელაშვილი-მოთხრობები: "დედის ოთახი"
5.ოლია ოკუჯავა-დღიურები და მიმოწერა გალაკტიონთან
6.ედ.ყიფიანის მოთხრობები
7.ნ.ლორთქიფანიძე-"კერიასთვის""ჟამთა სიავე"
8.მიხეილ ჯავახიშვილი-"კურდღელი""თეთრი საყელო"
9.ლ.ტოლსტოი-"მამა სერგი""ივან ილიჩის სიკვდილი""ანა კარენინა"
10.ჰემინგუეი-"იქ.სადაც სინათლეა""კილიმანჯაროს თოვლიანი მთა""მშვიდობით იარაღო"
11.ვ.ჰიუგო-"პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი"
12.ოსკარ უაილდი-"დორიან გრეის პორტრეტი"
13.ჰომეროსის-"ილიადა"
14.ლერმონტოვი-"მწირი"
15.ჩეხოვი-მოთხრობები:"მსუქანი და გამხდარი""ქალი ძაღლით""ალუბლის ბაღი""რუდ შილდის ვიოლინო"
 XI კლასი
1.დოსტოევსკი-"ძმები კარამაზოვები"
2.გრ.რობაქიძე-"გვალის პერანგი""ჩაკლული სული"
3.გოეთე-"ფაუსტი"
4.გურამ დოჩანაშვილი-"სამოსელი პირველი"" ორნი აქა-იქა"
5.პ.კაკაბაძე-"ყვარყვარე თუთაბერი"
6. შექსპირი-"ვენეციელი ვაჭარი""რომეო და ჯულიეტა""ზაფხულის ღამის სიზმარი""რიჩარდ მეორე"
7.ბალზაკი-"შაგრენის ტყავი""მამა გორიო"
8.თ.ჭილაძე-"გზაზე ერთი კაცი მიდიოდა"
9.ნ.აგიაშვილი-"პირად-პირადი"
10.დანტე ალიგიერი-"ღვთაებრივი კომედია"
11.სტენდალი-"წითელი და შავი"
12.აკაკი ბაქრაძე-"სკოლას""სულის ზრდა""ფხიზელი გონების ძალა"
XII კლასი
1.დოსტოევსკის ”იდიოტი”,”დანაშაული და სასჯელი”
2.ჭაბუა ამირეჯიბი-"დათა თუთაშხია"
3.კ.გამსახურდია-ესეები
4.შექსპირი-"ჰამლეტი""მეფე ლირი"
5.თ.ჭილაძე-"ყოველმან ჩემმან მპოვნელმან"
6.დიმიტრი უზნაძე-"ცხოვრების აზრი"
7.გურამ ასათიანი-"სათავეებთან"(წერილები შერჩევით)
8.ნ.შატაიძე-"მოგზაურობა ევროპაში ანუ ევროპაში რა მინდოდა"
9.ოთარ ჩხეიძის, ზურაბ კაკაბაძის, ჯემალ ქარჩხაძის, თამაზ ნატროშვილის წერილები.(შერჩევით)

"მე და კონსტიტუცია"


  საქართველოს კონსტიტუცია