დამოკიდებულება არ არის მონსტრი
ალკოჰოლი, ნარკოტიკები, შოპინგი, ტკბილეულობა, ანიმე, სპორტი, ონლაინთამაშები – ჩვენი ტვინი მარტივად ეჩვევა ყველაფერს, რასაც სიამოვნება მოაქვს. იმისათვის, რომ გავერკვიოთ დამოკიდებულების ფენომენში და იმაში, თუ როგორ არ უნდა ვიქცეთ დამოკიდებულებად, უნდა ვიცოდეთ ამის მიზეზი. საავტორო წიგნში „სურვილების ბიოლოგია: დამოკიდებულება – ის არ არის დაავადება“, მარკ ლუისი, საინტერესო ავტობიოგრაფიის მქონე ამერიკელი ნეირობიოლოგი, ხსნის, რომ ნებისმიერი ტიპის დამოკიდებულება, უპირველესად, ჩვევაა ტვინში, რომლის გაკონტროლება არ გვინდა.
მარკ ლუისი – ათი წელი იყო ნარკოტიკების მომხმარებელი, რის გამოც გაირიცხა ასპირანტურიდან, დაითხოვეს სამსახურიდან. იხდიდა პირობით სასჯელს. მან დაძლია დამოკიდებულება. გააგრძელა სწავლა. მიიღო განათლება. საკუთარი ნარკოდამოკიდებულების გამოცდილება გადააფასა ნეირობიოლოგის პოზიციიდან და ახლა სხვისი გამოცდილების შესწავლის პროცესშია.
მარკ ლუისი: „მედიცინაში ახალი აღმოჩენების დამსახურებით, ჩვენ აღარ მოვიაზრებთ დამოკიდებულ ადამიანებს უპასუხისმგებლო ამორალებად, უნებისყოფო მუთაქებად და ლტოლვას აყოლილ ცოდვილებად. ჩვენ უკვე ვიცით, რომ ნარკოტიკების ან ალკოჰოლის ხანგრძლივი მოხმარება უპირობოდ ცვლის ადამიანის ტვინს. ასევე, გვსმენია იმის შესახებ, რომ ტვინის ანალოგიურ ცვლილებებს იწვევს არაქიმიური დამოკიდებულებაც: თამაში, საჭმელი, ინტერნეტი, შოპინგი. ჩვენ მზად ვართ ვუპასუხოთ კითხვას: რა არის დამოკიდებულება. ის ჩვეულებრივი დაავადებაა“.
ასეთ მოსაზრებას დამოკიდებულებაზე არაერთი დადებითი მხარე აქვს. ყველაზე მთავარი – ვაღიარებთ რა დამოკიდებულებას დაავადებად, ვიძლევით იმის გარანტიას, რომ დამოკიდებულ ადამიანებს ექნებათ დახმარების მიღების უფლება, მხარდაჭერა და მკურნალობა. გარდა ამისა, ამ აღიარებით იოლდება ამ დაავადებისთვის ახალი კვლევების წარმოება, უფრო ეფექტიანი და სრულყოფილი წამლების გამოგონება.
თუმცა, ასეთ მოსაზრებას სერიოზული მინუსიც ახლავს – დამოკიდებულ ადამიანს არ სურს თავი უსუსურ ავადმყოფად ცნოს. ეს კი ხელს უშლის მის რეაბილიტაციას.
ამერიკელი ნეირობიოლოგი მარკ ლუისი წერს: „გამოჯანმრთელებულ დამოკიდებულ ადამიანთა უმეტესობა, ვისაც მე ვესაუბრე, აცხადებს, რომ მათთვის უფრო მიზანშეწონილია თუკი ვიტყვით ხოლმე, რომ ისინი გათავისუფლდნენ დამოკიდებულებისგან და არა განიკურნენ ან რემისიაში იმყოფებიან. ამ ადამიანებმა დამოკიდებულება მთელი მონდომობეთ, შემართებით, ინტენსიური თვითანალიზით, სითამამით და ახალი ცხოვრებისეული პერსპექტივების დანახვით დაამარცხეს. მათი აზრით, ისინი უფრო ძლიერები გახდნენ, ვიდრე მანამდე იყვნენ“.
ლუისი დამოკიდებულების შეფასებასთან დაკავშირებულ სხვა ხედვას გვთავაზობს, რომლის მიხედვით უნდა აქცენტი უნდა გადავიტანოთ არა იმაზე, რომ დამოკიდებულება ტვინს „ურტყამს“, არამედ იმაზე, თუ როგორ ახერხებს ტვინი ამ დამოკიდებულების ფორმირებას.
ჩვენი ტვინის ყველაზე შესანიშნავი თვისება ელასტიკურობაა. ტვინი მარტივად ადაპტირდება სირთულეებთან და იცვლება, რათა ამ სირთულეებს გაუმკლავდეს. სწორედ უჯრედული ცვალებადობის ხარჯზე ფუნქციონირებს ჩვენი ტვინი. ტვინის ელასტიკურობის დამსახურებით კაცობრიობამ შეძლო მიეღწია ამდენი აღმოცენისთვის, კარგისთვის და ცუდისთვის. ყველა „ცოდვა“, რომლის შესახებ ოდესმე გვსმენია, ჩვენს ტვინში დაიბადა. ტვინი იყო და იქნება ყველა იდეის აკვანი.
სად ხდება ცვლილებების უმეტესობა? ტვინის ორ სტრუქტურაში. ორივე „დასაპროგრამირებელი“ უჯრედების ქსელით გახლავთ დაფარული – დიდი ნახევარსფეროების ქერქი და ლიმბური სისტემა.
მარკ ლუისი აღნიშნავს: „მიუხედავად იმისა, რომ ყველა ადამიანის ტვინში ნეირონები ერთნაირად არის განლაგებული, მათ შორის კავშირი ისე კონსტრუირდება, რომ შეუძლია
რადიკალური ცვლილება განიცადონ. ცვლილებები მიმდინარეობს მთელი სიცოცხლის განმავლობაში, ჩვენს მიერ მირებული გამოცდილების საპასუხო რეაქციად, გარემოს აღქმიდან გამომდინარე.
იმისათვის, რომ ამ მუდმივ ცვლილებებს „გავუძლოთ“, გამოვიმუშავებთ ე.წ. „ჩვევებს“. საუბარია არა მხოლოდ მავნე ჩვევებზე – ამ ჩვევების ფორმა გარდაქმნილია კულტურულ ნორმად, მაგალითად, ქცევის ნორმად ან სექსუალურ სტერეოტიპად ან ადამიანის ისეთ თვისებად, როგორიც ეჭვიანობაა. ლუისი ამტკიცებს, რომ მრავალჯერადად განმეორებული ქცევა სტაბილიზირდება ტვინში და ჩვევაში გადადის. რაც უფრო მყარდება ჩვევა, მით უფრო რთულდება მასზე უარის თქმა და აქ უკვე ნაკლებად გვაქვს საქმე ნებისყოფასთან, უბრალოდ, ტვინმა უკვე კარგად იცის როგორ უნდა მიიღოს სწრაფად და ეფექტიანად სასურველი სიამოვნება.
ამაშია ამ მოსაზრების მთელი განსხვავება დამოკიდებულება-დაავადების თეორიის საპირისპიროდ. ტვინში მიმდინარე ცვლილებები, რომლებიც დამოკიდებულების დროს ფორმირდება, გამოწვეულია არა სიამოვნების გამომწვევი ობიექტით, არამედ ტვინის მუშაობის შედეგად მირებული ნაყოფით.
რას ნიშნავს „გსურდეს“, „გინდოდეს“ ? „ყველაფერს, რასაც ადამიანი აკეთებს, რაღაც გარკვეულ მიზანს ემსახურება. არაფრის კეთებაც კი დასვენების მიზანს ემსახურება. ადამიანის ტვინში მოტივაციის ფორმირებაზე პასუხისმგებელი ზოლიანი სხეულია. ის არის ჩვენი ქმედების მაკონტროლებელი ცენტრი. სწორედ ის გვამცნობს, რომ ჩვენს მიერ დასახული მიზანი შესრულდა. ზოლიანი სხეული თითქოს საკუთარ გამოცდილებაზე „სწავლობს“ და იმახსოვრებს იმას, რამაც ერთხელ უკვე მიგვაღებინა სიამოვნება – ეს შეიზწლება იყოს რაიმე კერძით მიღებული სიამოვნება, კომპიუტერთან ჯდომით, თამაშით, ნარკოტიკებით, ალერსით, ალპინიზმით და სხვ. ის აძლევს ტვინს სიგნალს, რათა მან კიდევ განიცადოს ერთხელ მიღებული სიამოვნება.
ყველა სიგნალი ჩვენამდე დოფამინის დახმარებით აღწევს – ნეირომედიატორის, რომელიც ტვინის ცენტრიდან ზოლიან სხეულამდე მიემართება. დოფამინი სტიმულირებას უწევს სიამოვნების ცენტრს და რაც უფრო მეტია სტიმულაცია, მით უფრო გვიჩნდება ლტოლვა სასურველი ობიექტისადმი (კერძისადმი, კომპიუტერისადმი, ნარკოტიკებისადმი, ლაშქრობისადმიდა სხვ.) მაგრამ რატომ არის ასე რთული ამ ლოტოლვაზე უარის თქმა? რატომ არ შეგვიძლია სხვა რამეზე გადავერთოთ? აქ ორი პრობლემა ჩნდება. პირველი ობიექტის იმწამიერი სასურველობა და ხიბლია, რომლის ფონზე სხვა დანარჩენი მიზნები ფერმკრთალდება.
მარკ ლუისის თქმით, დოფამინის ძირითადი ფუნქციაა მოეხმაროს ტვინს ხელმისაწვდომი მიზნების გამოყოფაში. ზოლიანი სხეულის ნეირონული ქსელი დოფამინის ნაკადთან ერთად იზრდება და უფრო თვალსაჩინო ხდება, თითქოს გაჰყვირის: „აგერ ვარ, სასწრაფოდ მომაქციე ყურადღება!“
მეორე პრობლემა იმაშია, რომ დამოკიდებულება კოგნიტური კონტროლის მექანიზმის მუშაობას აფერხებს. თავდაპირველად მაკონტროლებელი ფუნქცია პრეფრონტალურ ქერქთან მდებარეობს – ის მართავს ჩვენი განსჯის უნარს და ინტუიციას, გვეხმარება მიღებული გამოცდილების მისადაგებაში ახალ რეალიებთან. დამოკიდებულების ადრეულ სტადიებზე ის შეთანხმებულად მოქმედებს ზოლიან ტვინთან და დაახლოებით ასეთი ტიპს სიგნალებს გადასცემს: „მე ეს მომწონს, მე ვიღებ სიამოვნებას და ასე გავაგრძელებ, უბრალოდ, თავი უნდა ვაკონტოლო“.
დამოკიდებულების განვითარებასთან ერთად, „შეთანხმება“ ტვინის მაკონტროლებელსა და ზოლიან სხეულს შორის ირღვევა. სიამოვნების მიღების „ჩვევა“ – ეს პირობითი განსაზღვრებაა – თანდათან მყარდება, შემდეგ გადადის ავტომატურ რეჟიმში, ორიენტირდება მხოლოდ სასურველის მიღებაზე, კონტროლის გარეშე. ის, რაც ადრე ადამიანისთვის სასიამოვნო იყო და ამის განცდას ბადებდა, ნელ-ნელა გარდაიქმნება მტკივნეულ „ჩვევად“, რომლის არგანხორციელების შემთხვევაში ადამიანი ძლიერ, ზოგჯერ აუტანელ ფიზიკურ ტკივილს განიცდის.
თავის ახალ წიგნში ლუისი კიდევ ერთხელ გვამცნობს, რომ დამოკიდებულებასთან გამკლავება ძნელია. ამერიკელი ნეირობიოლოგი გმობს დამოკიდებულ ადამიანთა მიმართ ძალისმიერ მეთოდებს, ძალადობრივ და უნიფიცირებულ სამკურნალო პრაქტიკას, რომლითაც პაციენტი მხოლოდ ექიმის მიერ გაწერილ მკაცრ განრიგს უნდა მიჰყვებოდეს და არ იყოს გათვალისწინებული პაციენტის მოტივაცია, ინდივიდუალურ მახასიათებლებს.
ლუისი დარწმუნებულია, რომ დამოკიდებულ ადამიანს, უპირველეს ყოვლისა, ექიმი და საზოგადოება, უნდა მოეხმაროს მისი ახალი მომავლის წარმოდგენაში, მოდელირებაში, თუ როგორ იცხოვრებს ის დამოკიდებულების გარეშე. დამოკიდებული ადამიანის მიერ აღიარებული წარმოსახვითი მომავლის მოდელი მთელი მკურნალობის განმავლობაში ამოსავალი წერტილი უნდა იყოს.
ფსიქოთერაპია თუ მედიტაცია, მეგობრული საუბრები თუ ანონიმურ შოპოგოლიკთა შეხვედრები, ხანგრძლივი შვებულება თუ დროებითი იზოლაცია, მნიშვნელობა არ აქვს რა იქნება ეს, მთავარია როდის შევთავაზებთ ამ ყველაფერს დამოკიდებულ ადამიანს. მაქსიმალურად ეფექტიანია დახმარება მხოლოდ მაშინ, როდესაც დამოკიდებული ადამიანი, რა ასაკისაც არ უნდა იყოს ის, თავად გამოთქვამს დამოკიდებულებისგან გათავისუფლების სურვილს. ეს ის „ოქროს მომენტია“, როცა ჩვენ მისი განკურნების რეალური შანსი გვიეზლევა.
დამოკიდებულება არ არის მონსტრი, რომელიც ადამიანზეა მიჯაჭვული. დამოკიდებულება დაიძლევა
წარმატებული მოსწავლეების მეცადინეობის ეფექტური უნარ-ჩვევები
წარმატებული მოსწავლეების მეცადინეობის ეფექტური უნარ-ჩვევები
ყოველთვის გახსოვდეთ: კარგი ლიდერი – კარგი მკითხველია. იმისათვის, რათა გახდეთ წარმატებული მოსწავლე, უნდა გქონდეთ კარგად შემუშავებული სასწავლო რეჟიმი. წარმატებული მოსწავლეები სასწავლო პროცესში ბევრ სასარგებლო უნარ-ჩვევას ავლენენ.
გაეცანით რამდენიმე სასარგებლო რჩევას, რომელიც დაგეხმარებათ ეფექტური სასწავლო ჩვევების ჩამოყალიბებაში.
საუკეთესო სასწავლო რეკომენდაციები მოსწავლეთათვის:
• ნუ წაიკითხავთ ძალიან ბევრს ერთ ჯერზე: თუ ეცდებით, რომ დიდი მოცულობის მასალა ისწავლოთ ერთ ჯერზე. თქვენ მალე გადაიღლებით და შედეგიც ეფექტური არ იქნება. გადაანაწილეთ სამუშაო პატარა ნაწილებად. სწავლის დროს პატარა პაუზები თქვენ გონებას ახალი ენერგიით დამუხტავს.
• შეარჩიეთ სწავლისათვის საუკეთესო პერიოდი და გაწერეთ დროში: სწავლისათვის დროის გამოყოფა მაშინ, როცა სკოლის დავალება გაქვთ გასაკეთებელი, გამოცდებისათვის ემზადებით ან სხვა. პუნქტუალურობას დიდი მნიშვნელობა აქვს. განსაზღვრეთ დღის განმავლობაში სწავლისათვის საუკეთესო დრო და შეიმუშავეთ გრაფიკი.
• ისწავლე ერთსა და იმავე დროს დღის განმავლობაში: თუ გაქვთ შესაძლებლობა, რომ დღის განმავლობაში განსაზღვრულ საათებში იმეცადინოთ, ეცადეთ, რომ ეს ჩვევად აქციოთ და ჩასვათ თქვენს დღიურ განრიგში, ჭამისა და ძილის მსგავსად. როცა საწავლის საათი მოახლოვდება, თქვენ უკვე გამოგიმუშავდებათ მზადყოფნა გონებრივი დატვირთვისათვის.
• დასახეთ კონკრეტული მიზნები მეცადინეობისათვის გამოყოფილი დროისათვის: მიზნები დაგეხმარებათ კონცენტრირებასა და წინსვლის შეფასებაში. მხოლოდ ვალდებულების გამო მეცადინეობას ნაკლები შედეგი აქვს. თქვენ ზუსტად უნდა იცოდეთ, თუ რისი მიღწევა გსურთ სასწავლო საათების განმავლობაში.
• დაიწყე მეცადინეობა წინასწარ განსაზღვრულ დროს: მეცადინეობას შეიძლება არ შეუდგეთ დროულად, თუ დავალება არ მოგეწონათ, ან ძალიან რთულად მიიჩნიეთ. თუმცა, „სახვალიოდ გადადება“ სწავლის შემაფერხებელი ფაქტორია. არ ღირს მეცადინეობის გადადება, რადგან თუ თავიდანვე არ მიყვებით მასალას, მერე უფრო გაგიჭირდებათ. დაკარგული დროის ასანაზღაურებლად, ჩქარა მომზადებულ მასალაში კი შეიძლება უყურადღებობით ბევრი უზუსტობა გაიპაროს.
• დაიწყეთ მეცადინეობა რთული დავალებით: ყველაზე რთულ დავალებას ყველაზე მეტი ძალისხმევა სჭირდება. დაიწყეთ მეცადინეობა სწორედ ამ დავალებით, რადგან სწავლის დასაწყისში თქვენი გონება ყველაზე კარგად მუშაობს.
• დავალების შესრულებამდე გადახედეთ ჩანაწერებს: ჩანაწერების გადახედვით თქვენ დარწმუნდებით, თუ რამდენად სწორად აკეთებთ მოცემულ დავალებას. ამასთან, ჩანაწერებში შეიძლება წააწყდებით იმ საჭირო და სასარგებლო ინფორმაციას, რომელიც მოცემული სამუშაოს ეფექტურად შესრულებაში დაგეხმარებათ.
• იყავით კონცენტრირებული სასწავლო დროის განმავლობაში: თუ მეცადინეობის დროს ვინმე დაგირეკავთ, ამან შეიძლება ორი პრობლემა შექმნას: პირველი, გაგაწყვეტინოთ მეცადინეობა. ეს შეიძლება გახდეს მიზეზი სასწავლო „ძაფის“ გაწყვეტის და ვერ შეძლოთ კარგად გახსენება, თუ რაზე გაჩერდით. მეორე, ტელეფონზე მოსმენილი ამბავი ისეთი შეიძლება გამოდგეს, რომ საერთოდ გაგიფანტოთ ყურადღება. მარტივი რჩევა: სწავლის დროს გამორთეთ მობილური, ტელევიზორი, დახურეთ კარი.
• ნუ მოგერიდებათ სთხოვოთ მეგობრებს დახმარება რთული დავალების ასახსნელად: ეს ის შემთხევაა, როცა „ორი თავი უკეთ ფიქრობს, ვიდრე ერთი.“ დავალებას უფრო კარგად გაართმევთ თავს, როცა ერთობლივად იმუშავებთ.
• გამოიყენეთ შაბათ-კვირა სასწავლო მასალის გადასახედად: მართალია უქმეები დასვენების დროა, მაგრამ გამოყვაით მცირე დრო წინა მასალის გადასახედად, რათა მომდევნო სასწავლო კვირას მომზადებული შეხვდეთ.
ზემოთ ჩამოთვილი რეკომენდაციები დაგეხმარებათ გააუმჯობესოთ თქვენი სასწავლო ჩვევები და გაიღრმავოთ ცოდნა. ეცადეთ, რჩევები პრაქტიკაში დანერგოთ.